პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის სასესიო განხილვა იწყება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დღეს დეპუტატები საკითხს უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით იცვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურის შემდეგი საკითხები. პროცესში ჩართულია მესამე სექტორი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე მმართველი გუნდის მიერ გუშინ შემოთავაზებულ რეფორმას მიესალმება.
"ის რეფორმა, რაც შემოგვთავაზა გუშინ მმართველმა გუნდმა, ცუდი ნაბიჯი არ არის არსებითად, მეტი გამჭვირვალობა და დასაბუთებულობის სტანდარტი ყოველთვის ცხადია პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, მაგრამ იმ გამოწვევებთან მიმართებით რა პრობლემებიც დღეს არსებობს სასამართლოში, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი უბრალოდ ირელევანტულია და ვერაფრით ეხმიანება ამ პრობლემებს," – აცხადებს გურამ იმნაძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი მიიჩნევს, რომ პროექტი, ძალაში შესვლის შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სისტემაში ვერაფერს შეცვლის.
"დღეისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტი და ე.წ. კლანი იყვნენ ერთმანეთთან შეთანხმებულები და აქედან გამომდინარე, მოხდა სწორედ ის, რომ დეკემბრის შემდგომ გასაუბრების ინტენსივობამ ძალიან იკლო. ეს შეთანხმება სწორედ იმისთვის კეთდება, პირველ რიგში, რომ ხელი არ შეუშალოს ე.წ. კლანს იმისათვის, რომ მათ თავისი მზაკვრული გეგმები განახორციელონ.
წარადგინონ ისეთი კადრები და ადამიანები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად, რომლებიც არის მათთვის მისაღები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს პროექტი თუ ძალაში შევა, არაფერს არ შეცვლის," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.