25 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვის, უკანონო მიყურადება, არაპროპორციული ძალის გამოყენება - ომბუდსმენი ხელისუფლებას აკრიტიკებს

როგორ იყო დაცული 2020 წელს ადამიანის უფლებები - სახალხო დამცველმა წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა, პარლამენტს უკვე გადაუგზავნა და საჯარო მოხსენებამდე ის მედიას გააცნო.

20 ივნისის მოვლენები, დავით გარეჯის საქმე, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკები, არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში, გამოწვევები სასამართლო და ძალოვან სისტემაში, უკანონო მიყურადება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 486-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა. სახალხო დამცველმა ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს და პოსტსაარჩევნო მოვლენებსაც.

სახალხო დამცველს გასული წლის შეფასების აქცენტები ოპოზიციამ მოუწონა. ხელისუფლების ოპონენტები ომბუდსმენს ეთანხმებიან, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, ძალოვან უწყებებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს. 

რეკომენდაციების ადრესატები კი ანგარიშის ავტორის არაობიექტურობაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველს რიგ შემთხვევებში არათანმიმდევრული პოზიციები აქვს და რომ მასთან, ანგარიშის წარდგენისას კითხვებთან ერთად შენიშვნებიც ექნებათ.

ის, რომ მმართველ გუნდს სახალხო დამცველის მუშაობა არ მოსწონს, ამაზე თავად ნინო ლომჯარიაც ღიად საუბრობს, ხელისუფლების მხრიდან საჯარო თავდასხმებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ მისი წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

სახალხო დამცველის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება, რის შემდეგაც დოკუმენტის განხილვა უკვე პლენარული სხდომის ფორმატში გადაინაცვლებს. დეპუტატებს საკუთარ შეფასებებს თავად ნინო ლომჯარია გააცნობს.

დღის ამბები