მორიგი გზავნილები ბრიუსელიდან - ამჯერად, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის ოფისი წერს, რომ ფინანსური დახმარების მისაღებად, ქვეყანამ მიდგომებს უნდა გადახედოს. ბორელის უწყება მიესალმება ცვლილებებს მართლმსაჯულების რეფორმაში, თუმცა მას ნაჩქარევად მიიჩნევს და პრობლემაზეც მიუთითებს.
ხელისუფლებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მოწოდების ის ნაწილი, რომლითაც ბრიუსელი თბილისს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებდა. მმართველი გუნდის განმარტებით, მართლმსაჯულების რეფორმა სწორედ ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებით დაიწერა.
ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ფასადური იყო. მათი შეფასებით, ხელისუფლებას მხოლოდ ის რჩება, რომ ან მიდგომა შეცვალოს, ან უფრო მკაცრ კრიტიკას დაელოდოს.
ოპოზიციისა და ხელისუფლების მიდგომებს ირიბად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებიც იზიარებენ, რომლებიც დღეს მიმდინარე თემებზე სამსჯელოდ სწორედ უზენაეს სასამართლოში შეიკრიბნენ.
ბრიუსელიდან მიღებული გზავნილი ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს პირველი განცხადებაა, სადაც საქართველოს ფინანსურ დახმარებაზე კითხვები ჩნდება. გასულ კვირას იმავე შინაარსის განცხადება ჰქონდა ევროპარლამენტსაც, თუმცა მაშინ მიზეზი ის იყო, რომ პოლიტიკურ დიალოგში პარტიებმა კონსენსუსი ვერ შეძლეს.