19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჩვენთან მკაცრად არის აკრძალული დალევა, ნასვამი რომ ყოფილიყო შევამჩნევდით - სამოქალაქო აქტივისტი ნამოხვანში გაუჩინარებულ მამაკაცზე

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რიონში - 100-მდე მეხანძრე-მაშველი დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებს. ნამოხვანი-გუმათის მონაკვეთზე ოპერაცია სპეციალური ტექნიკით, დრონებით, სკანირების აპარატებითა და საგანგებოდ აღჭურვილი ნავებით მიმდინარეობს.

სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე განმარტავს, რომ მდინარე რიონზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები შესაბამისი აღჭურვილობით მიმდინარეობს. პროცესში ჩართული ასევე 6 მყვინთავი, აღნიშნული ტერიტორიის დათვალიერება 8 ნავის მეშვეობით მიმდინარეობს.

თვითმხილების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ღამით წყალში შევიდა და გაუჩინარდა. ადგილზე აცხადებენ, რომ 30 წლამდე პირი მათთან 2 დღის წინ ჩავიდა, ამიტომ მას კარგად არ იცნობდნენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ პირადი ტრაგედიის გამო ის დეპრესიაში იყო. კიდევ ერთი ვერსიით, ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ადგილობრივი აქტივისტები ამას უარყოფენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი კახა ასათიანი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, აქციის მონაწილეების შინაგანაწესის მიხედვით მათ ალკოჰოლის მიღება ეკრძალებათ და აღნიშნულ საკითხს მკაცრად აკონტროლებენ. მისივე თქმით, გაუჩინარებული მამაკაცი ნასვამი რომ ყოფილიყო ამას აუცილებლად შეამჩნევდნენ.

"ორი დღის წინ ჩამოვიდა მეგობართან ერთად. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები და ჩვენ არ ვიცით რა მოტივები ამოძრავებდა ამ პიროვნებას.

ეგ ინფორმაცია გავრცელდა თავიდანვე, რომ თითქოს ნასვამი იყო. მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ ჩვენ შინაგანაწესი გვაქვს ასეთი, რომ მკაცრად არის აკრძალული დალევა და მკაცრად ვაკონტროლებთ ამას. ნასვამი რომ ყოფილიყო შევამჩნევდით აუცილებლად," - განაცხადა კახა ასათიანმა.

დღის ამბები