15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" წევრები ბათუმის ოფისის დარბევაში "ქართული ოცნებას" ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ბათუმში პარტიის ოფისის დარბევაში "ქართული ოცნების" წევრებს ადანაშაულებენ. ენმ-ის წევრების განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირებულია. მათი თქმით, ბოლო სამ თვეში თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუ ადრე წელიწადში 2-3-ჯერ უტევდა ხოლმე ჩვენს ოფისს, ახლა ტემპს მოუმატეს და ბოლო სამ თვეში მესამე თავდასხმაა ჩვენს ოფისზე, ოღონდ ახლა - შესასვლელი კარები მთლიანად ჩაამტვრიეს. აქ უამრავი სათვალთვალო კამერაა, მაგრამ, ალბათ, არავის გაგვიკვირდება, როცა მოვისმენთ ცოტა ხანში განცხადებას, რომ მიმდინარეობს ძიება და ჯერ ვერ ნახეს, ვინ არის ეჭვმიტანილი ამ საქმეში,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები სუს-ის კაბინეტში და "ქართული ოცნების“ შტაბებში იგეგმება.

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი დაარბიეს. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩამსხვრეულია მინები. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე დაასრულეს მუშაობა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა.

დღის ამბები