19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
რთულია, ზაფხულია, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ - ამირან გამყრელიძე

შემსუბუქდება თუ არა ქვეყანაში დარჩენილი კოვიდრეგულაციები - საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთეს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.

ჯანდაცვის სექტორის წამომადგენლები აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს რეგულაციების შემდგომი შემსუბუქება. დამატებითი დეტალები კი ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პირბადის გამოყენების რეგულაციას, მის შემსუბუქებას ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევენ.

"ვიდრე არ მოხდება ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ის მოცვა, მანამდე ნაადრევია პირბადეების შემსუბუქებაზე საუბარი. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შეზღუდვებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდემიური ტენდენციები," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. ამიტომ პირბადის რეგულაციის მოხსნა ჯერჯერობით არ განიხილება:

"რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები