პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესში პარლამენტი მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს.
კახა კუჭავას თქმით, ნებისმიერი მსგავსი წესის ცვლილება ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა მოხდეს. მისივე ინფორმაციით, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებულია და ის ელოდება, თუ როგორ წარიმართება პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
"პარლამენტი იმ პროცედურებს, დადგენილ წესს და იმ ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს, რომელიც მას აკისრია. ნებისმიერი მსგავსი წესის ცვლილება ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა მოხდეს. ამიტომ, პარლამენტი გააგრძელებს პროცესს, სანამ სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი ისევ პარლამენტის წევრების მიერ.
მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაწყებულია, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, ვნახოთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარიმართება პროცესი. სახალხო დამცველს თავისი ვალდებულებები გააჩნია, კანონით გაწერილი. თუ მისი ვალდებულებაა, რომ პროცესში უნდა იყოს ჩართული, ვალდებულია ჩაერთოს მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რას და როგორ თვლის. თუ მისი ვალდებულება არ არის, მისი უფლებაა და თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა პროცესში ჩაერთოს,"- განაცხადა კახა კუჭავამ.