21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
აჭარაში 50 წლამდე მამაკაცს საკუთარი 15 წლის შვილი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

აჭარაში, 50 წლამდე მამაკაცს საკუთარი 15 წლის შვილი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა ჩვენებაში ძალადობის არაერთ ფაქტზე საუბრობს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - ბათუმის სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს.

"კურიერის" ინფორმაციით ბრალდებული თავის ოთხ შვილთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. მოზარდი ახლა დროებით თავშესაფარში იმყოფება. დაკავებული მამაკაცი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

არასრულწლოვანმა ფონდ "იალქანს" მიმართა, ფონდის დირექტორი თიკო აბაშიძე აცხადებს, რომ ინფორმაციის გაგების შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ. 

"ბავშვმა ჩვენთან და ფსიქოლოგთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი იყო მამის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. 

ჩვენ ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის რეაგირებას ველოდებით სასამართლოდან,"-აღნიშნა აბაშიძემ.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდს მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს, რადგან მოზარდი ხშირად აცდენდა სკოლას. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, დირექტორს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. 

ბრალდებულის ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"თავს დამნაშავედ არ ცნობს და გაოგნებულია. ოთხი შვილი გაზრდა დედის გარეშე ამ მამამ. მოწმეთა ჩვენებები არის საქმეში, რომელიც ისეთ გარემოებებს ასახელებენ, რომ შესაძლოა მისი ეს ჩვენება გაბათილდეს,"-აღნიშნავს ადვოკატი. 

ბათუმის სასამართლო საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებს. დაკავებულ მამაკაცს კი ბრალი თუ დაუმტკიცდა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები