თბილისის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გიგი უგულავას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, გიგი უგულავამ განმარტა, რომ აეროპორტში თავდასხმა მასზე განხორციელდა, თუმცა თავს თავადაც იცავდა.
"მომიგზავნეს აეროპორტში ორი ძიუდოისტი და მერე ცემის ბრალდებით მე წამიყენეს საქმე. ის მაინც შეეძლოთ ამოეღოთ კამერები, რომელიც აეროპორტში ძალიან ბევრია. გამოჩნდებოდა ყველაფერი და საერთოდ არ დასჭირდებოდა ამდენი 2 წლიანი განხილვა," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ბრალი საბოლოო სიტყვის დროს აღიარა და ცდილობდა ძალადობის გამართლებას. გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო 9 მარტს გამოაცხადებს.
"ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში ფაქტობრივად აღიარა ძალადობა და ცდილობდა ძალადობის გამართლებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ფიზიკური ძალადობის ინიციატორი იყო გიორგი უგულავა და მან განახორციელა ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ," – აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.