მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"მიხეილ სააკაშვილის ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა.
იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.
მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.
მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.