19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ისტორიაში პირველად ევროპის 8 საუკეთესო მოფარიკავეს შორის 2 ქართველი მოხვდა - ძმები ბაზაძეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე ემზადებიან

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს ნაკრების 28 წლის ლიდერმა, გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ლუკა კურატოლი დამაჯერებლად 15:11 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. სანდროს ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე სამი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული და ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

ბაზაძემ ნახევარფინალში ფრანგ ელიოტ ბიბის იოლად, 15:4 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელ რაზვან ურსაჩის სძლია 15:8. ანტალიაში საწყის ეტაპზე ტოკიოს თამაშების ნახევარფინალი გამეორდა, ოღონდ ამჯერად დაპირისპირება სანდროს გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მუშკეტერმა ზედიზედ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ შილაგი უშანსოდ 15:7 გაანადგურა და რევანშიც აიღო.

მომავალში მოუგებს თუ ვერა უნგრელი არონ შილაგი ქართველ სანდრო ბაზაძეს, ეს კიდევ საკითხავია, თუმცა ამის შანსი მას არაერთხელ ექნება, ეგვიპტის მსოფლიოს ჩემპიონატზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ორივე ტურნირამდე სულ ცოტა დრო რჩება და პლანეტის უძლიერესმა მოფარიკავეებმა მზადება უკვე დაიწყეს.

ეგვიპტეში მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ ძალებს ძმასთან ერთად ბექა ბაზაძეც მოსინჯავს. მას ურიგოდ არც ანტალიაში უასპარეზია და მეოთხედფინალამდეც შეძლო გასვლა, თუმცა მედლამდე გზა სწორედ მომავალმა ფინალისტმა, იტალიელმა ლუკა კურატოლიმ მოუჭრა და შეხვედრა 11:15 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რვა საუკეთესოს შორის ორი ქართველი მოფარიკავე აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის ნაკრების ლიდერები ძმები სანდრო და ბექა ბაზაძეები.

ავტორი : დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები