13 აგვისტო 2022,   10:00
ვრცლად
68 წლის კაცი ყვარლის ტყეში ახალგაზრდებმა თანხის გამოძალვის მიზნით აწამეს - დამნაშავეებიდან ერთი არასრულწლოვანია

68 წლის კაცი ყვარლის ტყეში ახალგაზრდებმა თანხის გამოძალვის მიზნით აწამეს. დამნაშავეებიდან ერთი არასრულწლოვანია. ასაკოვანი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ბრალდებულებმა თავად გადაიღეს. 8 ათასი ლარის გამო სასტიკად ნაცემი მოხუცი ახალგაზრდებმა ტყეში მიაგდეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს. ნაწამებმა მამაკაცმა სახლამდე მიღწევა შეძლო, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაზარალებულს 24 ივნისს მომხდარი ფაქტის გახსენება უჭირს და კამერასთან ვერ საუბრობს. ოჯახი მასთან ფსიქოლოგის მიყვანას აპირებს. დამნაშავეები პოლიციამ 3 დღის შემდეგ დააკავა, თუმცა მანამდე ფაქტის გახმაურების შემდეგ დამნაშავეებს თანასოფლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჩანაწერში ჩანს და ისმის, თუ როგორ აყენებენ მამაკაცს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და თან ვიდეოს გავრცელებით აშანტაჟებენ.

ერთი მათგანი არასრულწლოვანია, მეორე კი 25 წლის ნასამართლევი პირი, რომელიც დაზარალებულის მეზობელ სოფელში ცხოვრობს.

ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია არასრულწლოვნის ოჯახი. მოზარდის ბებია ამბობს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მის შვილიშვილს სოფელიც გაუსწორდა.

თანასოფლელები ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას და მათი ოჯახების გადასახლებას ითხოვენ.

68 წლის ძალადობის მსხვერპლი კლინიკიდან დღეს გაწერეს. ოჯახი მასთან საუბარს ვერ ახერხებს, რადგან ასაკოვან კაცს მომხდარის შემდეგ მეტყველება უჭირს.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაცემ მამაკაცს დაკავებულებმა თანხაც გასტაცეს.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 68 წლის მამაკაცის სასტიკ ცემაში ბრალდებულებს მაქსიმალურ სასჯელად 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები