საქალაქო სასამართლო პოლიციელის საქმეზე მსჯელობს. საუბარია შემთხვევაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, წყნეთში მოხდა, როცა გამოძიების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე მისული ძველი თბილისის IV სამმართველოს დეტექტივის ერიკ წურწუმიას იარაღიდან გავარდნილმა ტყვიამ მოქალაქე ზურაბ გველესიანი იმსხვერპლა.
გამოძიება საქმეზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს სამართალდამცველთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციელმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ზურაბ გველესიანი სასიკვდილოდ დაიჭრა.
"ერიკი უნდა გადასულიყო მარტო, ენახა რა ხდება, რა სიტუაციაა და თუ არაფერი, დამიძახებდა ხელის მოძრაობით და გავაგრძელებდით ჩვენ სამსახურეობრივ მოვალეობას. იარაღი რომ ამოიღო ერიკ წურწუმიამ, ამას ვერც დავინახავდი და ვერც დავინახე. ვხედავ, რომ მიდის ამ ორ ადამიანს - ერიკ წურწუმიასა და ზურა გველესიანს შორის ჭიდაობა. წურწუმიას უჭირავს ზურგიდან და ის ხელების ქნევით აპირებს, რომ გაიქცეს. კარს ვაღებ, გასროლის ხმა არის. ორთავე ეცემიან პირქვე. ვეუბნები, ერიკ რა ხდება, ერიკი მეუბნება, რომ გადაყლაპა ნარკოტიკი. გადაყლაპაო, რომ მითხრა, შეხედვა და ფერის წასვლა იყო მყისიერი," - განაცხადა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა.
მოწმის განცხადებით, მას არ დაუნახავს იარაღის ამოღებისა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის პროცესი.