18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
რა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ პირებს, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსს - სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, რადგან მისი თქმით, ის მუდმივად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

"ის დოკუმენტები, რომლის მიღებაც სავალდებულო იყო იმ ეტაპზე, ნამდვილად იყო მიღებული, მე ვგულისხმობ მშენებლობა დიზაინის საექსპერტო დასკვნას, რომელიც ერთოდა პროექტს, თუმცა სამწუხაროდ ის აღმოჩნდა გაყალბებული. ამის იქით, რომ რაღაც კონკრეტული მოვალეობა რაიმე დოკუმენტი მოეთხოვა გიგა გიგაშვილს, როგორც მერიის სამსახურის ხელმძღვანელს არ ჰქონდა, ეს არის ჩვენი პოზიცია. აღმკვეთთან მიმართებაში, აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან ის თავად ცხადდება, არაერთხელ მიუცია განმარტება, თუმცა ალტერნატივის სახით შესაძლებელია გირაოც შევთავაზოთ სასამართლოს," - განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი და ექსპერტიზა-მშენებლობა დიზაინის სპეციალისტი. მათ გამოძიება ედავება სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენებას. ბრალდება წარედგინა 3 იურიდიულ პირს, გრინსერვისს, მშენექსპერტს და ექსპერტიზა მშენებლობა და დიზაინს.

 

დღის ამბები