22 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ერთი თვე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებამდე - 29 აპრილს არჩევნები უმეტეს უბანზე ელექტრონული სისტემით ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია, მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. კანდიდატების წარდგენა უკვე დასრულებულია, ვადა პოლიტიკურ პარტიებს გუშინ ამოეწურათ. ცესკოში ამბობენ, რომ 29 აპრილს არჩევნები უმეტეს უბანზე ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისთვის "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი ყველა საარჩევნო ოლქში დაასახელა, თუმცა ასე არ მოიქცა ოპოზიცია. ერთადერთი გამონაკლისი კახა კუკავას პარტიაა, რომელმაც ხელისუფლების ოპონენტებიდან არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მათ კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის სამაჟორიტარო ოლქში ჰყავთ, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ არ ერთვება სხვა ოპოზიცია საარჩევნო პროცესში.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არა, თუმცა 2 კანდიდატი დაასახელა საინიციატივო ჯგუფმა. "ქართულ ოცნებას" კონკურენტი, თერჯოლაში მერის, ხოლო ტყიბულში საკრებულოს წევრის არჩევისას ეყოლება. კანდიდატებისთვის უცნობია ოპოზიციის მხრიდან არჩევნების ბოიკოტირების მიზეზები.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარს საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე მიზეზით ხსნის. "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" არსებული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას უნდობლობას უცხადებს, გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მათთვის ახლა პრიორიტეტული არა არჩევნები, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებაა.

ოპოზიციის არგუმენტების არ სჯერა მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპონენტებს ამომრჩეველი აღარ დარჩათ, ეშინიათ დამარცხების და არჩევნებზე უარს სწორედ ამ მოტივით ამბობენ. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიციის გადაწყვეტილებას მათ რადიკალურ გეგმებსაც უკავშირებს.

29 აპრილს ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევს.

დღის ამბები