15 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
სერბი ტრენერების რევოლუცია: პოლიციელების შეურაცხყოფა, ანძის დაკავება და ტელევიზიების გათიშვა - რა დააფინანსა USAID-მა და რას აპირებს ხელისუფლება

მამაკაცი, რომელიც რევოლუციურ მეთოდებზე საუბრობს და ქართველ აქტივისტებს უცხო ქვეყნების გამოცდილებას აცნობს, ორგანიზაცია CANVAS-ის ერთ-ერთი ლიდერი, სინისა სიკმანია. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სიკმანი და სერბეთის კიდევ ორი მოქალაქე იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილი რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდების გადამზადებას ახდენდნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სუს-მა გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, რომელიც სასტუმრო "იბისიში", 26-29 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზეა ჩაწერილი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, თუ როგორ მიმდინარეობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების გადამზადება, რომლებმაც, სუს-ის ინფორმაციით, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში სერბი ტრენერები, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სტუდენტებზე, რომლებიც მათი თქმით, ყველაზე მეტად რისკიანები არიან. ტრენინგის მონაწილეებს აჩვენეს კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ საპროტესტო აქციებში ჩართული სერბი ახალგაზრდები პოლიციას. ჩანაწერში სხვებთან ერთად ისმის ორგანიზაცია "CANVAS საქართველოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნინო გოგიბერიძის საუბარიც, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

ორგანიზაცია "CANVAS საქართველოს" ხელმძღვანელი "კურიერთან" ადასტურებს, რომ ამ ტიპის ტრენინგებს მისი ორგანიზაცია უცხოელ პარტნიორებთან ერთად, წლებია ატარებს. მელაძე მიიჩნევს, რომ ასეთ სწავლებებში დანაშაულებრივი არაფერია და უსაფრთხოების სამსახურს სერბი კოლეგების დაკითხვის ოქმის და გამოძიების სხვა მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია CANVAS რევოლუციურ სცენარში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, ფარულ ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ არსებობს კონკრეტული სცენარი, რომლის მიხედვითაც სერბი ტრენერების მიერ გადამზადებული ჯგუფები იმოქმედებენ.

სუს-ის ინფორმაციით, რევოლუციურ სცენარზე ტრენინგები თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროში მიმდინარეობდა. სერბი სტუმრების შესახებ კითხვებს სასტუმროს ადმინისტრაციაში არ უპასუხეს. დღეს განცხადება არ გაუკეთებიათ არც USAID-ის წარმომადგენლობაში, თუმცა ორგანიზაციამ საკუთარი პოზიცია ორი დღის წინ წერილობით გაავრცელა და განმარტა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ფარგლებში USAID თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის, სუს-ის მიერ ნახსენებ CANVAS-სთან. USAID-ში თქვეს, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის ტარდება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგები, ამჟამად კი, CANVAS-თან თანამშრომლობა მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

რევოლუციური სცენარის მზადებას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც გამოეხმაურა. უწყება მზად არის შესაძლო დანაშაულის პრევენციისა და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ითანამშრომლოს.

სუს-ის განცხადებაში ნახსენებმა სერბეთის მოქალაქეებმა საქართველო უკვე დატოვეს. მანამდე უცხოელი ტრენერები უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს. უწყებაში ამბობენ, რომ დამნაშავეთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

დღის ამბები