06 ოქტომბერი 2024,   20:54
ვრცლად
დუბაიში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი დააკავეს - ვინ არის ამან ჯოსიფი და რატომ ითხოვს ალბანელი მილიარდერის ექსტრადირებას ესპანეთი

დავით კეზერაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ მოექცა, რაც დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით, 33 წლის ბიზნესმენი, ამანთ ჯოსიფი დააკავეს. ესპანური გამოძიებით დგინდება, რომ ქოლცენტრებთან დაკავშირებულ მილტონ ჯგუფის ალბანურ ფილიალს, სწორედ ამანთ ჯოსიფი ედგა სათავეში. მისმა კომპანიებმა ქოლცენტრების მეშვეობით, ალბანეთიდან 17 000-ზე მეტი ესპანელი პენსიონერი გაძარცვეს. მილტონ ჯგუფის ჩრდილოვან მმართველად, საერთაშორისო მედია საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ასახელებს. ქოლცენტრების დანაშაულებრივი ქსელი დაფუძნებული იყო ალბანეთში, საქართველოსა და უკრაინაში.

ფოტოზე, რომელიც მილტონ ჯგუფის წვეულებაზეა გადაღებული, ჯოსიფთან ერთად კარგად ჩანს დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი დავით თოდუა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით, ქოლცენტრების ქსელს კიევიდან მართავს. კეზერაშვილს თოდუასთან ერთად უკრაინაში სხვა ბიზნესებიც აქვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მსგავსად, თოდუაც ამჟამად კვიპროსში ცხოვრობს და ფლობს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეობას.

ალბანელი მულტიმილიონერის დაკავებამ ტირანაში პოლიტიკური სკანდალიც გამოიწვია. ოპოზიცია ამანთ ჯოსიფთან დაკავშირებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. ფაქტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ქოლცენტრების საერთაშორისო ქსელთან დავით კეზერაშვილის კავშირს გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი გამოძიების შედეგებს ელოდება.

კეზერაშვილის პარტნიორის დაკავება მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს.

ქოლცენტრების საქმეზე, დუბაიში დაკავებული ამანთ ჯოსიფი ახლა მადრიდში ექსტრადირებას ელოდება. ესპანური მედიის ინფორმაციით, გაძარცული პენსიონერებისთვის მიყენებული ზარალი ორმილიარდნახევარ ევროს აჭარბებს.

დღის ამბები