18 ოქტომბერი 2024,   09:24
ვრცლად
"ჩვენ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის ვართ, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტი ასეთი დიდი წარმომადგენლობით სტუმრობს" - თავდაცვის მინისტრი

ასეთი დონის ვიზიტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავდაცვის ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ საქართველოსთვის, ქართველებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტი დიდი წარმომადგენლობით სტუმრობს.

"ჩვენთვის პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოში, 2020 წლის შემდეგ უკვე მეორედ. ჩვენ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის ვართ, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტი ასეთი დიდი წარმომადგენლობით სტუმრობს. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით ჩემს მეგობარს, ადმირალ ბაუერს. ასეთი დონის ვიზიტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავდაცვის ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ საქართველოსთვის, ქართველებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის.

მინდა, ჩვენს საზოგადოებას გუშინდელი ისტორიული გადაწყვეტილება მივულოცო, რომელიც მომავალში, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის წევრობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ნატოში გაწევრიანებისკენ. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებსა და თითოეულ თქვენგანს.

როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, მათ შორის ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ სასტიკი ომების შედეგად კი, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

როგორც ადმირალმა აღნიშნა, დიახ, ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ერთად ვიყავით ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ იქ დიდი დანაკარგი განვიცადეთ. დაგვეღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე, ასევე გვყავს ასობით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო. მაგრამ კარგად გვესმის, თუ რა ფასი აქვს იყო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და იყო ცივილიზაციის წევრი. როგორც აღვნიშნე, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, წელს ჩვენ 27 სწავლებას ვუმასპინძლეთ, მათ შორის 7 საერთაშორისო სწავლებას - დაწყებული ნატო-საქართველოს სწავლებით მარტში, შემდეგ იყო "მტკიცე სული"... ჩვენ ვაფასებთ, ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, ურთიერთთავსებადობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი, ვავლებთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების გატარებას, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და შეკავების შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. მთავარი ისტორიული, ინსტიტუციური რეფორმა თავდაცვის კოდექსის მიღებაა, რომლის პროექტიც ჩვენ წელს შევიტანეთ პარლამენტში განსახილველად და უკვე მივიღეთ, რომელიც მომავალში თავდაცვის სფეროში მთავარი ინსტიტუციური მარეგულირებელია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სწავლებები და წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ პირად ცხოვრებაში, კარიერასა და ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებაში. დიდი მადლობა," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები