დავით არახამიას ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთი, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
არახამიას განცხადებას რატი იონათამიშვილმა ტრაგიკული უწოდა.
"საკმაოდ ტრაგიკული განცხადებაა. ალბათ, სჯობდა, ამაზე უფრო ადრე ესაუბრათ. არ მგონია, რომ ის, რაც არახამიას განცხადებაში ითქვა, მიზანშეწონილი იყოს ახლა ამის განვრცობა. საზოგადოება ყველაზე ზუსტად გამოიტანს დასკვნებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, ამ განცხადებების შემდეგ, კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, ერთმნიშვნელოვნად სწორია.
"ეს საკითხი არ არის იოლად შესაფასებელი, რადგანაც შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხეების განმაპირობებელი იყოს ამ საკითხების ასე საჯაროდ განხილვა. თუმცა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, ერთმნიშვნელოვნად, სწორია,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
არახამიას განცხადებით, რუსეთი, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა უკრაინა ამ პუნქტს, არახამიამ თქვა, რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა.
არახამიამ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა იყო, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ომი უნდა გაგრძელდეს.