საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა, სტუდენტებს შეხვდა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესს დააკვირდა.
"არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი - შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ეს არის და ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა ან გავლენის მოპოვება. ეს არის ის ღირებულებები, რაც არის ქართული ღირებულება ოდითგანვე და რაც არის ევროპული ღირებულება ასევე ოდითგან", - განაცხადა უნივერსიტეტთან მისვლამდე სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა.
„არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რომელსაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული.
მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საერთოდ საქართველოში ჩამოვიდოდა. წაიკითხეთ თქვენ მიერ გამოცემულ წიგნებში ჩემი პოზიციები ევროინტეგრაციასთან, ნატო-სთან ინტეგრაციასთან, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება? ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს პროტოკოლური თემა. ავტონომია აქვს უნივერსიტეტს და თუ ვიღაცას რაღაცა უნდა, რაღაც ფურცლით და ელემენტარული მომართვით აკეთებენ ხოლმე. ასე ხომ არ არის, მინდა და ვაკეთო! უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს, არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს“,- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჯაბა სამუშიამ.