საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. შესაბამისად, საკითხი, თუ ვინ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციიდან, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, თუმცა მისი განხორციელების სხვადასხვა გზაზე საუბრობენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, 9 პუნქტზე მუშაობაში ოპოზიციაც ჩაერთოს.
"დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, მაქვს მოლოდინი, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია აისახება გადაწყვეტილებაში და ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვანი საკითხია 9 პუნქტის შესრულება. ვფიქრობ, სამუშაო ჯგუფებში ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა - მიუხედავად ჩვენი დაპირისპირებისა, შევძლოთ სტატუსის ფარგლებში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მუშაობა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.