"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები მილიონობით დოლარს იხდიდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი.
"მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი, ერთადერთი, რითაც გამოირჩა ამ ხნის განმავლობაში, [არის ის, რომ] მისი ოჯახი მილიონობით დოლარს იხდიდა შეკვეთილ სტატიებში საქართველოს წინააღმდეგ და დეზინფორმაციის კამპანიაში, ზუსტად იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანას არ მიეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ახლა, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყენებს თავს, ვინაიდან ისტორიაში ის უკვე შესრულია მასშტაბურ დამნაშავედ, ახლა კიდევ ერთხელ შევიდა, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მტერი," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი, სააკაშვილის განცხადებებს მორიგ ფარსს და უტიფრობას უწოდებს. სარჯველაძის შეფასებით, სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწეოდა და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა.
მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებებს მორიგ შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში - საუბარია წერილობით ინტერვიუზე, რომელიც ექსპრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიას მისცა და რომელშიც ის ამბობს, რომ ბევრი იბრძოლა სტატუსისთვის და უამრავი სტატია გამოაქვეყნა. "მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს," - განაცხადა სააკაშვილმა.