ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის თანახმადაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება. პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის მიზანი საზოგადოებაში შუღლის დათესვაა.
"ერთი ადამიანის, კერძო პირის ქმედებაზე საპასუხოდ ხელისუფლება აანონსებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დეტალებზე თავადაც ვერ საუბრობს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აჩვენებს იმას, რომ არანაირი საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობას ის ვერ ხედავს. სინამდვილეში, მას სურს, რომ შექმნას კამპანია ადამიანებს შორის შუღლის დათესვისა და დაპირისპირების მიზნით. ამიტომ, ჩვენ ამ ანტიეროვნულ, ანტიევროპულ კამპანიაში, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს, არ ჩავერთვებით,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მთავარი პოლიტიკური თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.
"სინამდვილეში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც რწმენის, არც სიწმინდის დაცვასთან, უბრალოდ, ეს არის პასუხი, ჩემი აზრით, მათივე მოგონილ პრობლემაზე. დაგმობა ერთია და მეორეა, როდესაც შენ ითხოვ, რაღაცის გამოხატვის გამო, ადამიანის დაჭერას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მე, რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მთელი ეს ოპერაცია მგონია "ქართული ოცნების" დაგეგმილი იმისთვის, რომ ძირითადი პოლიტიკური თემებიდან ყურადღება არაძირითად პოლიტიკურ თემებზე გადავიდეს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.