08 ნოემბერი 2024,   14:14
ვრცლად
"ქართული ოცნება" რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს

"ქართული ოცნება" რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტს ახლო მომავალში დააინიცირებენ.

ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე - სხვა რელიგიურ ნაგებობებს.

კანონპროექტის ინიციირებამდე მმართველი გუნდი ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას გეგმავს.

"მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მომხდარი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და, უახლოეს პერიოდში, დავაინიციირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და სხვა ქვეყნები," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები