2024-ში არჩევნები საქართელოს გარდა მსოფლიოს 63 ქვეყანაში ტარდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპი თუ ბაიდენი? 5 ნოემბერს ამერიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. დიდი ალბათობით 2020-ის მსგავსად 2024-შიც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ტრამპსა და ბაიდენს შორის მოუწევს. სანამ 45-ე პრეზიდენტი 46-ესთან უშუალო დაპირპასირებაში ჩაერთვება, მან შიდაპარტიულ პრაიმერიში კონკურენტები უნდა დაამარცხოს. ტრამპი ჩვეულ ფორმაშია, მან აიოვას შტატში გამარჯვების შემდეგ პრაიმერი ნიუჰემფშირშიც მოიგო.
თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე მილიარდელი ბიზნესმენისთვის ბევრი დაბრკოლებაა. აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლაში ხელს ვერაფერი შეუშლის. ვიდრე რესპუბლიკელი ტრამპი, დემოკრატი ბაიდენის პოლიტიკას აკრიტიკებს, მოქმედი პრეზიდენტი ამომრჩევლებს ღიად ეუბნება, რომ სასწორზე ამერიკული დემოკრატია დევს.
რესპუბლიკურ პარტიაში დაუსრულებლად გრძელდება კამათი იმის შესახებ, უნდა გამოეთიშოს თუ არა საპრეზიდენტო მარათონს ნიკი ჰეილი და დაუთმოს თუ არა ასპარეზი დონალდ ტრამპს, რომელიც თეთრი სახლის დატოვებიდან 3 წლის შემდეგ, ისევ თეთრ სახლში დასაბრუნებლად იბრძვის. როგორც წესი, კანდიდატი მაშინ ტოვებს კამპანიას, როდესაც შიდაპარტიულ პრაიმერებში კონკურენტს ჩამორჩება და მისი დონორები წაგებული თამაშის დაფინანსებას აღარ აგრძელებენ. ასე დამთავრდა საარჩევნო მარათონის დაწყებიდან მალევე, რონ დე სანტის ფული.
უკვე ორი შტატის წაგების და რეიტინგებში ტრამპთან ჩამორჩენის მიუხედავად, ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონის დატოვებას არ აპირებს. მეტიც, სამშაბათს ნიუ-იორკში დაგეგმილ საქველმოქმედო საღამოზე, "სიენენის" წყაროს ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის უმდიდრეს შემომწირველებს ელოდებიან. მათ შორის იქნებიან საინვესტიციო კომპანია KKR-ის თანადამფუძნებელი ჰენრი კრავისი, მილიარდერი ინვესტორი კენ ლანგონი, „ჰართზ გრუპის“ ხელმძღვანელი სტერნი, როკფელერების ოჯახის წევრი რეჟისორი სიუზან როკფელერი და უოლ სთრითის სხვა ცნობილი სახელები.
ნიუ ჰემფშირში გამარჯვების თავაზიანად მილოცვის შემდეგაც, ჰეილიმ ტრანპის კრიტიკა გააგრძელა, თუმცა მისი განცხადებები, ექსპრეზიდენტისგან განსხვავებით, მოზომილი იყო. ხუთშაბათს, როდესაც ტრამპმა ნიკი ჰეილი "ქათმისტვინად" მოიხსენია და მისი დონორების დაბლოკვით დაიმუქრა, ჰეილიმ ტონი გაამკაცრა და ტრამპს შეშლილი უწოდა. ახლა ჰეილი აბსოლუტურად შეცვლილია და სულ სხვა რიტორიკა აქვს ტრამპის მისამართით, ვიდრე მას კამპანიის დასაწყისში ჰქონდა.
ნიკი ჰეილი უკვე ეჭვქვეშ აყენებს იმასაც, არის თუ არა დონალდ ტრამპი გონებრივად შესაფერისი პრეზიდენტობისთვის. საქმე ის არის, რომ ნიუ-ჰემფშირში მოხსენების დროს, ექსპრეზიდენტმა დამაბნეველი განცხადება გააკეთა. კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმის თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იმ დროს ნიკი ჰეილი იყო და მან ეროვნული გვარდიის დახმარებაზე უარი თქვა.
ნიკი ჰეილი კაპიტოლიუმში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არასოდეს ყოფილა. მეტიც, ის არც კონგრესის წევრი იყო ოდესმე. ტრამპის შეცდომის გამოყენებით, მან თავის კამპანიას ახალი ძალა მისცა.
შესაძლოა, ტრამპმა, 6 იანვარზე საუბრის დროს ქვედა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი იგულისხმა და სახელები აერია. თუმცა გვარდიის თემა არც პელოსის ეხებოდა. ქვედა პალატის ყოფილმა სპიკერმა ტრამპს პასუხი არ დაუგვიანა და ექსპრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობა, მანაც ეჭვქვეშ დააყენა.
ტრამპი ჰეილის მშობლიურ შტატშიც უპირობო ლიდერია და 24 თებერვლის პრაიმერმა შესაძლოა ნიკი ჰეილი იმაზე მეტად დააზიანოს, ვიდრე ეს ნიუ-ჰემფშირში მოხდა, სადაც მას ექსპრეზიდენტმა 11 პროცენტით გაუსწრო. სამხრეთ კაროლინაში, ბოლო გამოკითხვებით, ტრამპს 33%-იანი უპირატესობა აქვს. გარდა ამისა, მას მხარს უჭერენ შტატის გავლენიანი რესპუბლიკელები, მათ შორის სენატორი ლინდსი გრემი და გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერი. პრაიმერი ბევრ რამეს გადაწყვეტს. ცხადია, ჰეილის ბედი დამოკიდებული იქნება მის საფულეზე და ნაკლებად სურვილზე, გააგრძელოს ყოფილ პრეზიდენტთან პაექრობა, თუმცა მისი უმდიდრესი დონორები, როგორც ჩანს, ჯერ იმედს არ კარგავენ, შემდეგი 4 წლით უფრო მეტად პროგნოზირებადი ამერიკა მიიღონ.
ჯერ რთული სათქმელია, რა გავლენას იქონიებს პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე ამერიკული მართლმსაჯულება, თუ ტრამპს სისხლის სამართლის საქმეებში დამნაშავედ ცნობს. მათგან უმთავრესი, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეა. პარტიის მესამედი თვლის, რომ დამნაშავე ტრამპი პრეზიდენტობისთვის შესაფერისი ვერ იქნება, თუმცა "მაგაში" ამ საქმეს, მის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენებად მიიჩნევენ. სასამართლო პროცესი მარტშია დანიშნული. ნიკი ჰეილისთვის საკუთარ შტატში მეორე ადგილზე გასვლა უხერხული იქნება, თუმცა მაინც მისაღები, თუ პირველი ადგილი, თეთრი სახლის ნაცვლად ციხეში მიდის.