მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრეზიდენტის სასახლეში მიიტანეს.
პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები თბილისისკენ წალენჯიხიდან დილით დაიძრნენ - საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ასევე ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით, კოლონა ზუგდიდში, ქუთაისში და გორში შეჩერდა, გამართეს აქცია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
"კიდევე ერთხელ მოვითხოვთ ქართველი ხალხის სახელით მიშა სააკაშვილის თავისუფლება. ერთ ადამიანს შეუძლია მიიღოს მყისიერად ეს გადაწყვეტილება, ამას ჭირდება პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფლებაზე, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა. ვერ იქნება ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ცნობილი თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე არ მიიღებს კამპანიაში მონაწილეობას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ისტორიული უსამართლობაა.