03 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
ვეტო, რომელმაც შესაძლოა სადაო კანონპროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეცვალოს - ვის რა მოლოდინი გაუჩნდა პრემიერის განცხადების შემდეგ

პრემიერ-მინისტრი პარტნიორებისგან კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ, არგუმენტირებულ შენიშვნებს ელოდება. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საქმიანი დისკუსიის დასაწყებად ყველაზე მოსახერხებელი დრო, ვეტოს პროცედურა იქნება. ორი კვირა, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნების განსახილველადაა განსაზღვრული, მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკმარისია ევროკავშირის წარმომადგენლებთან ბევრი საკითხის შესაჯერებლად.

კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიისთვის სივრცე რომ ჯერ კიდევ რჩება, ეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ კანონი მიღების შემთხვევაში, ვენეციის კომისიის დასკვნაზე იქნება დაფუძნებული.

პრეზიდენტის ვეტო, როგორც მექანიზმი - დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად მისაღებია პარლამენტის თავმჯდომარისთვისაც. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში განსხვავებული პოზიციების მქონე პირთა შემოყვანა, მმართველი გუნდის პრიორიტეტია.

ინიციატორები მზად არიან, თუმცა ოპოზიცია კანონპროექტში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ვერ ხედავს. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კანონპროექტის უკან გაწვევაა.

კანონპროექტის გამო დაძაბული ვითარების დასტაბილურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია შეკითხვები არსებობდეს, თუმცა გაუგებრობა უნდა განიმუხტოს და ყველა კითხვა მოიხსნას. რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 13 მაისს განიხილავს.

დღის ამბები