მომიტინგეთა ნაწილი რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ საღამოს 9 საათის შემდეგ დაიძრა. ადგილზე მისვლის შემდეგ, დემონსტრანტებმა ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. იყო ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რასაც დაკავებები მოყვა. საბოლოოდ კი, გმირთა მოედანი ღამის განმავლობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.
პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის პარალელურად, კვლავ გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენა, გარკვეული პერიოდით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაიკავეს. მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
აქციის მონაწილეთა მხრიდან დისკომფორტის შექმნის მიუხედავად, შეკრებილ დემონსტრანტებს ოპოზიციის ლიდერებმა მაინც მიმართეს.
აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს 5 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა. "თბილისი ჭეშმარიტად ევროპის დედაქალაქია" - განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
მალევე რუსთაველის გამზირზე მყოფთა ნაწილი სხვა დემონსტრანტებს მსვლელობით შეუერთდა. აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ქუჩას პერიოდულად კეტავდნენ. პროტესტის გამო, თბილისში პარალიზებული იყო მტკვრის ორივე სანაპირო, ისევე როგორც ჭავჭავაძის გამზირი.
იყო დაპირისპირებებიც, ძირითადად მძღოლებთან, რომლებიც აქციის მონაწილეებისგან გზის გახსნას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან საბოლოოდ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. პოლიციამ ადგილზე შეკრებილ დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა. შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.