22 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
"გლობალურ ომის პარტიასთან" ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის მტკივნეული, რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად, ეროვნული ინტერესების დასაცავად - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა უპასუხა "რადიო თავისუფლების“ სტატიაზე დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, "ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს იმიჯთან დაკავშირებით" - პრემიერის თქმით, ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს და საქართველოს მთავრობას ვერავინ დააშანატჟებს. პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით "გლობალურ ომის პარტიას", თუმცა ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე "გლობალური ომის პარტიას" აქვს სერიოზული გავლენა, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის და როგორ იყო ჩართული "გლობალური ომის პარტია" საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და იმ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს გლობალური ომის პარტიას, რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით.

ამიტომ ვერავის დააშანტაჟებენ, რადგან ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ინფორმაცია არსებობდეს, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ამ ქვეყანაში გლობალურ ომის პარტიას, ისინი პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რამაც, მათ შორის, გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა 2008 წელს.

პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“, თუმცა ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე „გლობალური ომის პარტიას“ აქვს სერიოზული გავლენა.

ჩვენ ცალსახად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს "გლობალური ომის პარტიას", თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენებისგან გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა, ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია - ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ სამწუხაროდ საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე.

"გლობალურ ომის პარტიასთან" ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან მტკივნეული, რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც. ჩემთვის პირადად, მაგალითად საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის, პერსონალურ რისკებთან და კონკრეტული მაგალითები არ მინდა მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. არაკომფორტულია ეს ბრძოლა, მაგრამ უბრალოდ არის უალტერნატივო," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები