08 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ვინ არიან პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის დაგეგმვისა და შეთქმულების საქმეზე გამოიკითხნენ - სუს-ში გამოძიება გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების საქმეზე გამოკითხვები სუს-ში დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს პირველი მაგომედ იჟიევი მივიდა. გამოკითხვამდე, ჟურნალისტებთან თქვა, რომ მზად არის, გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს, სუს-იდან გამოსულმა კი მედიის კითხვებს თავი აარიდა.

უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია კიდევ ერთმა მოწმემ - ზვიად აჭიშვილმა. ის საგამოძიებო მოქმედებაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. ირწმუნებოდა, რომ სუს-ში პირად საქმეზე იმყოფებოდა, მისი ვერსიის გადამოწმების შემდეგ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიას დაადასტურა, რომ აჭიშვილი ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოიკითხა.

რამაზ ქავთარაშვილი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დღეს გამოჰკითხეს. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების საქმესთან კავშირი მოწმემ უარყო. თავი აარიდა იმ კითხვაზე პასუხსაც, აქვს თუ არა კონტაქტი უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

გამოსაკითხთა სიაში ბიზნესმენები დღესაც მოხვდნენ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მედიის ინფორმაციით, სუს-ში ზვიად იმედაშვილი გამოიკითხა. რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, მოწმეს არ დაუკონკრეტებია.

პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების საქმეზე საგამოძიებო მოქმედება, თბილისის პარალელურად, დღეს ბათუმშიც მიმდინარეობდა. სუს-ის შენობაში გამომძიებლის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა ავთანდილ სურმანიძე. მოწმემ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი უარყო.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების ფაქტებზე, სუს-ი საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვს.

დღის ამბები