16 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
2024 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება (ივნისი) გამოაქვეყნა.

საქსტატის შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ით განისაზღვრა.

2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

"აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

დღის ამბები