04 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
შეიძლება თუ არა ხვრინვის მკურნალობა მედიკამენტებით - პრობლემის მიზეზები და მოგვარების გზები

იცოდით თუ არა, რომ ხვრინვას, გარდა პარტნიორისთვის ძილის დაფრთხობისა, გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს? ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის უკან, ხშირ შემთხვევაში, ცხვირ-ხახის სხვადასხვა პათოლოგიები დგას.

ხვრინვის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მკურნალობის გზებზე "რუსთავი 2" ოტორინოლარინგოლოგ ხათუნა ჩიტაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ხვრინვის დროს ყველაზე საშიში აპნოეს განვითარების რისკია, რაც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისათვის. 

"ხვრინვა, რა თქმა უნდა, ცუდი მოსასმენია, მაგრამ ერთადერთი რეალური პრობლემა, რასაც ხვრინვა იწვევს, ეს არის ღამით სუნთქვის შეჩერება, ე.წ. აპნოე. სუნთქვის შეჩერების შემთხვევაში, დგება ჰიპოქსიური მდგომარეობა და ჰიპოქსია, პირველ რიგში, ტვინისა და გულისთვის არის უარყოფითად მოქმედი ფაქტორი, შემდეგ კი მთელი ორგანიზმისთვის. თუ აპნოე დაფიქსირდა, აუცილებლად სწრაფად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. თუ მკვეთრადაა ჩაკეტილი სასუნთქი გზები და აპნოეც ამასთან თანხვედრაშია, სუნთქვის შეჩერება ხდება რამდენიმე წამიდან 10 წუთამდეც კი, ეს კი საკმაოდ სახიფათოა პაციენტისთვის,"- აცხადებს ექიმი.

ექიმი ამბობს, რომ აპნოეს შემთხვევაში, პაციენტი მალევე ფხიზლდება, რადგან ჰიპოქსია თვითშეფხიზლებას იწვევს; თუმცა თუ ადამიანი თავისით ვერ გამოფხიზლდა და არც არავინ აღმოჩნდა იმ დროს მის გვერდით, ეს ძალიან საშიში შეიძლება იყოს.

ექიმის თქმითვე, ხვრინვას, უმეტესად, ოტოლარინგოლოგიური პრობლემები იწვევს, მისი მოგვარება კი შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტოზური გზით. 

"ხვრინვის მიზეზი, 70-75% ოტორინოლარინგოლოგიურ პრობლემებზე მოდის. ეს არის, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, ზემო რესპირატორულ გზებში, ცხვირის და ცხვირ-ხახის სხვადასხვა სახის პათოლოგიური პროცესები. ეს შეიძლება იყოს ადენოიდური ქსოვილი ბავშვებში, ძგიდის და ნიჟარის პრობლემები, ახალწარმონაქმნები, პოლიპოზური წარმონაქმნები და ა.შ. 

ხვრინვის მიზეზი მოზრდილ ასაკში, ყველაზე ხშირად ცხვირის ძგიდის გამრუდებაა. მკურნალობის ორი გზა არსებობს - ერთი არის ამბულატორიული, მედიკამენტოზური მკურნალობის გზა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სრული ბლოკირება არ არის ცხვირის სავალი გზების და არსებობს ქირურგიული გზა.

თავდაპირველად მივმართავთ ხოლმე მედიკამენტოზური მკურნალობის გზას და 100-დან 60%-ში, როგორც წესი, ამბულატორიული მკურნალობა ამართლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიჟარების გადიდება, როგორც წესი, ალერგიულ ფაქტორთანაა კავშირში, ადგილობრივი მკურნალობის წყალობით, ძალიან კარგად ექვემდებარება ხოლმე მკურნალობას და ხვრინვის მომენტიც იხსნება. ერთეულ შემთხვევებში, როცა რეზერვი ამოწურულია და მკურნალობას ვერ ექვემდებარება პაციენტი ან თუ გამრუდების ხარისხი მკვეთრად გამოხატულია, სრულადაა ჩაკეტილი სავალი გზები, ამ შემთხვევაში, ქირურგიული გზაა, რომელიც რეალურად აგვარებს ამ პრობლემას.

ძგიდის გამრუდება ყოველთვის თანხვედრაშია ნიჟარების პრობლემასთან და მედიკამენტოზური მკურნალობით ჩვენ ვარეგულირებთ ნიჟარების ზომას. ამის წყალობით ვაფართოვებთ სავალ გზებს და პრობლემაც იხსნება,"- აცხადებს ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე. 

დღის ამბები