საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში შემავალი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2024 წლის დასაწყისში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო, წარმატებით დასრულდა და ის უკვე მასპინძლობს დამთვალიერებელს.
პროექტის ფარგლებში, სრული რემონტი ჩაუტარდა სახლ-მუზეუმს და აღიჭურვა უახლესი, სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისი გათბობა-გაგრილებისა და განაბის სისტემებით; მოეწყო ფონდსაცავი; განახლდა ელექტროგაყვანილობისა და წყალგაყვანილობის სისტემები.
განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის საცხოვრებლისა და სახელოსნოს პირვანდელი გარემო, განსაკუთრებით მხატვრის საცხოვრებლის ნაწილი. აღდგა მუზეუმის საგამოფენო სივრცე; ექსპოზიციაში მცირედი ცვლილებით სრულად გამოიფინა მუზეუმის გახსნის დროს საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები, როგორც ეს თავად მხატვარს ჰონდა გამოფენილი თავის ბინა-სახელოსნოში. შეგახსენებთ, რომ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი შემოქმედის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1976 წელს, გაიხსნა.
განახლებული გამოფენისთვის 100-ზე მეტ გრაფიკულ ნამუშევარს გამოეცვალა ჩარჩო და პასპარტუ, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების რესტავრაცია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიის რესტავრატორებმა შეასრულეს. ფერწერული ტილოების ნაწილისთვის დამზადდა ახალი ხის ჩარჩოები და ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ჩარჩოებს; სულ განახლდა 44 ფერწერული ტილო.
რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა ელენე ახვლედიანის კუთვნილ მე-19 საუკუნის ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრას, რომელიც უნიკალურ ექსპონატს წარმოადგენს; ასევე განახლდა ნოხები და ფარდაგები; რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრის ავეჯს; საგამოფენო სივრცეში სრულად დაბრუნდა მხატვრის პირადი და მემორიალური ნივთები.
"მუზეუმი კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა საღამოს გამართვას გეგმავს, რაც ამ მუზეუმის დიდ ტრადიციას წარმოადგენს და რომელსაც საფუძველი თავად ელენე ახვლედიანმა ჩაუყარა", - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
მხატვრის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია შპს "აბსოლუტპლუსმა" განახორციელა; სამუშაოების ღირებულება 376 180 ლარია.