რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით, საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან - აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათი თქმით, ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გააპროტესტებენ.
შეკრებილები გეგმავენ, ღამე პარლამენტთან გაათენონ. აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, პარლამენტის პირველ სესიას არ ესწრებიან არც ქვეყნის პრეზიდენტი და არც აკრედიტებული ელჩები.
"ჩვენ განვლაგდებით პარლამენტის ტერიტორიაზე და იქ ვიქნებით, მათ შორის ხვალ დილისთვის, როცა არ უნდა ჩანიშნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ, თუ მაინც ჩანიშნავს, ამხელა სახალხო პროტესტის ფონზე, ხვალინდელ სხდომას, რომელიც უპრეცედენტოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში და რატომ? არასდროს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა პარლამენტის პირველი სესია, რომელსაც არ ესწრება საქართველოში აკრედიტებული არცერთი ელჩი, არ ესწრება პრეზიდენტი, არ ესწრებიან პარტიები და არ აქვს საერთო სახალხო თუ საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდო ივანიშვილმა თავი", - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.