26 დეკემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ბიძაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ბიჭის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ - "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან 37 წლის მამაკაცს

"კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სოფელ დიღომში 37 წლის მამაკაცს, გიორგი ქობულაშვილს. კადრებმა დააფიქსირეს ისიც, თუ როგორ გარბის დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე პირი.

გამოძიებით დგინდება, რომ 12 აგვისტოს კონფლიქტი გიორგი ქობულაშვილის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ჩიხში დაიწყო და გზის სავალ ნაწილზე გაგრძელდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ თავის არეში, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი, მუცლისა და გულ-მკერდის არეში, დანა 4-ჯერ ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

განსასჯელის სკამზე მოკლულის ბიძაშვილი, 26 წლის ლევან ქობულაშვილი ზის. განზრახ მკვლელობასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ არც დანაშაულს აღიარებს და, შესაბამისად, არც არაფერს ინანიებს.

პროკურატურამ მის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე წარადგინა მრავალტომიანი საქმის მტკიცებულებები. გამოკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებულია ათობით ნივთმტკიცება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ, მკვლელობის შემდეგ, ლევან ქობულაშვილი თბილისის ტერიტორიას ტოვებს და კახეთის მიმართულებით გადაადგილდება. ის სოფელ პატარძეულში შედის და გზას ტყის მასივში განაგრძობს. ბრალდებულმა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარა.

"კურიერი P.S." გამოძიების კვალს სწორედ ამ მიმართულებით გაჰყვა. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე თავს ტყის ფერდობზე მდებარე ტაძარს აფარებდა. სალოცავი ბრალდებულის თავშესაფარი დიდხანს არ ყოფილა. ლევან ქობულაშვილი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ ტაძრის ტერიტორიაზე დააკავა. მას თან აღმოაჩნდა მკვლელობის იარაღიც.

პოლიციამ, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით, ხელბორკილები დაადო კიდევ სამ პირს, მათ შორის, არიან 19 და 22 წლის ძმები ფირიაშვილები და მოკლულის მეგობარი ომარ ბროლაძე.

მოკლულისა და ბრალდებულების ახლობლებს შორის დაპირისპირება სასამართლოს ეზოში მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა განსასჯელმა დანაშაული უარყო. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი გიორგი ქობულაშვილი შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და მისი გადარჩენა მხოლოდ ერთმა მეგობარმა სცადა.

რა გახდა დანაშაულის მოტივი? - მკვლელობაში ბრალდებული ლევან ქობულაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი ნაფიც მსაჯულთა წინაშე გაეცემა. განსასჯელმა საქმის განხილვა სწორედ ნაფიც მსაჯულებს ანდო. "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, დანაშაულს წინ სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა. გიორგი ქობულაშვილი ბიძაშვილს სამოდელო წარსულის გამო ეხუმრა, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია.

ლევან ქობულაშვილი სასჯელს ყაჩაღობისთვის ერთხელ უკვე იხდიდა. პროკურატურა ახლა მისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვს.

37 წლის გიორგი ქობულაშვილი, რომელსაც მეგობრები "ბურნუთას" სახელით იცნობდნენ, სოფელ დიღმის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ქობულაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები