03 დეკემბერი 2024,   00:34
ვრცლად
კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმა, რევოლუციის მორიგი მცდელობა და პროცესების "უკრაინული მაიდნის" სტილში განვითარება - რა სქემაზე საუბრობს ხელისუფლება

კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმა, რევოლუციის მორიგი მცდელობა და პროცესების "უკრაინული მაიდნის" სტილში განვითარება - პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ესაა მიზანი იმ პროტესტის, რომელიც დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა იმართება. მთავრობის მეთაური უცხოურ დაფინანსებაზეც საუბრობს. პრემიერმა ოპონენტების მხრიდან ე.წ ლიბერალური ფაშიზმის მეთოდებით მოქმედებაზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამ ტიპის ბულინგისგან საზოგადოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ირაკლი კობახიძის გზავნილები ადრესატებმა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენად აღიქვეს. ოპოზიციაში უარყოფენ რაიმე კავშირს რევოლუციურ მცდელობებთან. ამბობენ, რომ პასუხისმგებლები არც სპეცდანიშნულების რაზმთან დაპირისპირებებზე არიან.

ოპონენტებსა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოში დარჩენისკენ მოუწოდებს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნების" წევრების თქმით, პირველ რიგში სწორედ მომიტინგეებს არ უნდა სურდეთ პროტესტმა უმართავი ფორმა მიიღოს.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტი გასული კვირის ბოლოდან, მას შემდეგ იმართება, რაც ითქვა, რომ ხელისუფლება, საკუთარი ინიციატივით, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას 2028 წლამდე არ აპირებს. მომდევნო 4 წელი კი ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედებს.

აქციის მეოთხე დღეს, პრემიერ-მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს დისკუსიისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აქციაზე გულწრფელი ახალგაზრდა მომიტინგეებიც დგანან და სახელისუფლებო გუნდი მზადაა მათთან საჯარო ფორმატში შეხვედრა გამართოს.

პრემიერ-მინისტრის მიმართვას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე იყო. ის შეთავაზებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა, რომ მზადაა პრემიერ-მინისტრთან საჯარო დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართოს. გამოწვევა მიიღო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. თინა ხიდაშელი დროს და ადგილს ელოდება. შეთავაზების ავტორი განხილვაში ჩართვის მსურველებს განუმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებას და საუბარია საჯარო დისკუსიაზე.

 

დღის ამბები