მიმდინარე აქციების ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია 224 პირი. მათი დიდი ნაწილია ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია: ზოგი ხელწერილით, ზოგი ჯარიმით, ზოგი კი მოსამართლის შენიშვნით. 34 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, რაც რამდენიმე დღით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულებს, ასეთი სულ სამი პირია. მათ პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ბრალდებათ. ეს დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დემონსტრანტი, რომელიც პიროტექნიკას დამიზნებით ისვრის, პოლიციამ დღეს დააკავა. 21 წლის მამაკაცს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება 9 აპრილის ქუჩაზე გადაღებულ კადრებს - გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 29 ნოემბერს პიროტექნიკა პოლიციელების მისამართით ისროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველი დაშავდა, მას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, ის არასრულწლოვანია. გამოძიების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა და ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გააჩინა.
სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. შს სამინისტროს ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მისამართით ისროლა. აალებადი საგანი სამინისტროს ბალანსზე არსებულ სპეცტექნიკას მოხვდა და დააზიანა.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით, სულ 4 პირია დაკავებული, ადმინისტრაციული წესით კი 200-ზე მეტი დემონსტრანტი.
დაკავებულთა შორის იყო "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, თუმცა ის პატიმრობიდან 4 საათში გათავისუფლდა. ჯაფარიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი ხელწერილით დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის დილით, თამარაშვილის ქუჩაზე აიყვანეს და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.
ადმინისტრაციული წესით, ვაკეში დღეს პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა. საპოლიციო ღონისძიებას წინ უძღოდა დემონსტრანტების მხრიდან ბარიკადების აღმართვა.
დაკავებული დემონსტრანტები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, ყველა მათგანს ერთი პოზიცია აქვს - ამბობენ, რომ იმყოფებოდნენ მშვიდობიან აქციაზე და კანონი არ დაურღვევიათ.
ადმინისტრაციული საქმის მასალებს საქალაქო სასამართლო ეტაპობრივად განიხილავს. საქმის წარმოება 74 პირის მიმართ უკვე დასრულებულია, 36-ს ჯარიმა დაეკისრა, 34 კი მოსამართლემ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებისას, გამოვლენილ კანონდარღვევებზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. განცხადება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველა დანაშაულზე, სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალი პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.