უცვლელია ვითარება უკრაინაში. გასულ ღამით ხერსონი დაიბომბა, დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადგილობრივი. სამიზნე იყო დონეცკიც. შედეგად მამაკაცი დაიღუპა. შეტევა იყო სუმის ოლქზეც.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, 21 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა С-400-ის ტიპის რაკეტით და 113 დრონით. მათივე ინფორმაციით, 57 ჩამოაგდეს, 56 - დაიკარგა.
პარალელურად, მოსკოვი აცხადებს, რომ 42 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა რუსეთის ხუთ რეგიონს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ბოლო ვიზიტით ეწვია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი. ბერნსი თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა იწურება.
"ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე - უპილოტო თვითმფრინავებზე და იმ სამხედრო ბაზებზე და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გამოიყენება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ტერორში. ჩვენი თავდაცვა აბსოლუტურად სამართლიანია. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და მათ, ვინც ამ ომში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას უზრუნველყოფს", - განაცხადა ზელენსკიმ.