ირაკლი კირცხალიას განცხადებას ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა. უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წერილში აგვისტოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლების რუსეთში გამართული კონცერტები გაიხსენა, რასაც რაჭველი პოსტით პასუხობს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი უკრაინიდან დაწერა და "ქართული ოცნება" გააკრიტიკა. პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიდან, ნიკოლოზ რაჭველი ერთადერთია, რომელმაც გადაწყვიტა კვლავ დაემტკიცებინა, რომ ის რუსებს ებრძვის. თუმცა, არ გაუცია კითხვებზე პასუხი და არაფერი უთქვამს საქართველოს დაბომბვის შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში გამართულ კონცერტებზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მისი გამოქვეყნებული პოსტი არის ორმაგი სტანდარტის გამართლების უსუსური მცდელობა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ნაწილი, შესაძლოა, საკუთარი მოქმედებების პოლიტიკურ კონტექსტს სრულად ვერ აცნობიერებდეს. მისი შეფასებით, მათი ნაწილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებს და იმ ადამიანების პოზიციებს იზიარებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენდნენ რუსეთის მიმართ.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას უკავშირდება.
"ნიკოლოზ რაჭველი და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები, ნიჭიერი ხალხი სხვათა შორის, მე დარწმუნებული ვარ, მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ისინი იმ ადამიანების მიმდევრები არიან, ვინც დავალებას ასრულებს. მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა არის აგენტი, ყველამ სადღაც ხელი მოაწერა, მაგრამ აგენტურული მოქმედების შედეგია ეს ყველაფერი. აგენტები ჩვენ გვყავს პოლიტიკაში და ამ პოლიტიკოსების მიმდევრები ბევრნი არიან, ვინც არც კი იცის რატომ აკეთებს ამას.
თვითონაც კი ვერ ათვითცნობიერებს როგორ ააგდეს, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, მაშინ, როდესაც 2010-ში, 2011-ში, 2012-ში და ა.შ. 2008 წლის, საკუთარი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ უმღეროდნენ ოკუპანტებს და დღეს არიან გაბრაზებულები და რუსეთი ეზიზღებათ, მაშინ არ ეზიზღებოდათ. ეს არის მთავარი, რაც მათ დამართა მათმა ლიდერმა სააკაშვილმა", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძემ.