ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი, სოფელ საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ენგურის ხიდზე დილიდან ოჯახის ნათესავები, მეზობლები და ბავშვების პედაგოგები იყვნენ შეკრებილი. მათ შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, ოკუპირებულ საბერიოში გადასვლისა და გარდაცვლილი მცირეწლოვნებისთვის პატივის მიგების საშუალება მიეცათ.
ის ადამიანები კი, ვინც ოკუპირებულ საბერიოში პანაშვიდზე ვერ ჩავიდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, იმ სკოლაში შეიკრიბნენ, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. საკლასო ოთახებში სპეციალური კუთხეები მოეწყო.
9 იანვარი საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაეშვა სახელმწიფო დროშები.
სამძიმარს იღებს საქართველო მეგობარი ქვეყნებისგან. ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს გერმანიის და რუმინეთის საელჩოებმა და გლოვის ნიშნად დიპლომატიური მისიის შენობებზე დროშები დაუშვეს. სამძიმრის წერილი გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანელმა კოლეგამ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად მიუსამძიმრა.
ოჯახს თანადგომა გამოუცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხანძრის დროს გადარჩენილი ოჯახის ერთადერთი წევრი ქუთაისის კლინიკაში მოინახულა.
5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ყველაზე უფროსი შვიდი წლის იყო, უმცროსი კი 8 თვის. ხანძარს მხოლოდ ბავშვების ბებია გადაურჩა, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მძიმე დამწვრობით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.