10 იანვარი 2025,   07:24
ვრცლად
ტრამპის გეგმა - როგორ განვითარდება მოვლენები გრენლანდიისა და პანამის არხის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ

რესპუბლიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ გრენლანდია და პანამის არხი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკულად შეხვდა დანიის მხარე. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. გრენლანდიის ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არქტიკული კუნძული არ იყიდება. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი გრენლანდიის ამერიკის საკუთრებაში გადასვლას გამორიცხავს.

კრიტიკა შეხვდა დონალდ ტრამპს საკუთარი სამშობლოდანაც. ამერიკის ჯერ კიდევ მთავარი დიპლომატი, ახლად არჩეულ პრეზიდენტს სწორედ დიპლომატიას უწუნებს და ამბობს, რომ განცხადებებმა და ქმედებებმა, პარტნიორებთან ურთიერთობები არ უნდა დააზიანოს.

საზღვრების ხელშეუხებლობა რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია - დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროკავშირიდან. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ეს პრინციპი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად მოქმედებს.

მოსკოვისთვის კი მიუღებელია, ვაშინგტონის ინტერესებიც და ევროპის პასუხიც. კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა დღეს თქვა, რომ არქტიკული ზონა რუსეთის ინტერესებშია და კრემლი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

დანიური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას გამართავს. დანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.

დღის ამბები