
ქურდული გარჩევის კადრები - "კურიერის" ინფორმაციით თბილისში, ცენტრალურ უბანშია გადაღებული. ირკვევა, რომ კონკრეტულმა პირებმა 70 000 ლარი ვერ გაინაწილეს და დავის მოგვარება კრიმინალური მეთოდებით გადაწყვიტეს.
გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოდავე მხარეებმა თანხა ვერ გაინაწილეს, დავის მოგვარებაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩართეს.
ფარული სატელეფონო საუბრების მიხედვით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, თანხის გამოძალვას მუქარით ცდილობდნენ. მასალაში ისმის როგორ გეგმავდნენ ბრალდებულები ერთი პირის ავტომობილით გატაცებას.
მოგვიანებით, ფინანსური დავის მოგვარებაში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდებიც ჩაერთნენ. ჯეირან კინწურაშვილი, კაკო ტუღუში იგივე "ენცო" და მამუკა ჩხაბერიძე, იგივე მოლა "ხონსკი" - სამივე მათგანის საუბრები გამოძიების ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ისმის.
ირკვევა, რომ 70000 ლარის განაწილების გამო დაპირისპირება იყო საქმეში ჩართულ ე.წ კანონიერ ქურდებს შორისაც. კაკო ტუღუში იგივე "ენცო", ჯეირან კინწურაშვილის სტატუსს, ე.წ კანონიერ ქურდობას არ აღირებს.
ქურდულ გარჩევებში მონაწილე პირებმა ფინანსური დავის მოგვარება ვერ მოასწრეს. დანაშაულებრივი სქემა სამართალდამცველებმა გაშიფრეს. ე.წ კანონიერი ქურდობისთვის, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, მიმართვისთვის და მხარდაჭერისთვის პოლიციამ 26 პირი დააკავა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 4-ს, აქედან სამი საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ კანონიერი ქურდია არიან. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში, სპეცოპერაციები ჩაატარა.
მისამართებზე, სადაც სპეცოპერაციები მიმდინარეობდა, "კურიერი" მივიდა, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრებმა დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
დაკავებულების უმეტესობა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ინტერესების დამცველები საქმის მასალებს კარგად იცნობენ, თუმცა ამბობენ რომ ბრალეულობის დამადასტურებელი, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.
სისხლის სამართლის საქმეში ფარული ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერების გარდა, სხვა ნივთმტკიცებებიც დევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის დროს, ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღები და მობილური ტელეფონებიც ამოიღეს.
დაკავებულებს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასაც ედავება. იმ შემთხვევაში თუ მათ დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებული 26 პირი, საქალაქო სასამართლომ, 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. პატიმრობა შეეფარდა იმ პირებსაც, ვისაც ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.