
This is a modal window.
ბარიერგადალახული პარტიების არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება - გამოცხადდებიან თუ არა არაკონსტიტუციურად კონკრეტული პოლიტიკური ძალები. მმართველი გუნდის სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებამდე მომზადდება. გადაწყვეტილების მიზეზად, "ქართული ოცნება" ოპონენტების ანტიეროვნულ ქმედებებს ასახელებს და ამ კონტექსტში, გასულ რამდენიმე არჩევნებსაც იხსენებს.
არაკონსტიტუციურად ცნობის საფრთხის წინაშე მყოფი ოპოზიცია ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ისედაც არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ისევ საკუთარ მოთხოვნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ განიხილავენ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
სწორედ ჯანსაღი კონკურენციაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ქართული ოცნება" ყოფილი სახელისუფლებო პარტიისა და მათი პარტნიორების პოლიტიკური საქმიანობის გაუქმებას გეგმავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კონკრეტული პარტიები არ აძლევენ ახალ პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციად ჩამოყალიბების საშუალებას.
"ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები არამხოლოდ თვითმმართველობის, არამედ ნებისმიერ სხვა არჩევნებშიც ვეღარ ჩაერთვებიან, ამას სამომავლოდ უკვე კონსტიტუციური წესრიგი განსაზღვრავს - უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ამაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, როდესაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში შევა - ანუ 4 ოქტომბრამდე, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე.