
1640-ზე მეტი დაღუპული და 3500-მდე დაშავებული - მიანმარის 6 რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შენობების, ხიდების, ავტომაგისტრალების ნგრევა 12 წუთის ინტერვალში 7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა გამოიწვია.
მთავრობა ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანსა და ტაილანდშიც, რომლის დედაქალაქიც საგანგებო ზონად გამოცხადდა. ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 101 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მათი ოჯახის წევრები ნანგრევებთან არიან შეკრებილი.
ტაილანდში, ჩინეთსა და მიანმარში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. კრიტიკული ვითარების გამო, მიანმარის ხელისუფლებამ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა.
მიანმარში უკვე ჩავიდა სამაშველო ჯგუფი და ჰუმანიტარული დახმარება ჩინეთიდან და ინდოეთიდან. მზადყოფნა გამოთქვა რუსეთმაც. მიანმარს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებული შტატებიც დაეხმარება.
ჰუმანიტარული დახმარება და სპეციალური ჯგუფები მიანმარში უკვე გაგზავნა გაერომაც. მიანმარის დამანგრეველი მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, მანდაილაია იყო.