
განათლების სფეროში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ალექსანდრე წულაძემ საქართველოს საელჩოში მიღება გამართა და ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო. მინისტრის განცხადებით, განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო განათლების მსოფლიო ფორუმში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების მიხედვით, საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის დიდი შესაძლებლობა არსებობს და ბრიტანული უნივერსიტეტების მხრიდან, საქართველოთი დაინტერესება მზარდია. ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, შემუშავდა ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევიც.
ერთობლივი დოკუმენტი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს ასახავს. შესაბამისად, ის მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველომ ტრანსნაციონალური განათლების განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი იმ კონკრეტულ აქტივობებს განსაზღვრავს, რომელიც სამინისტრომ უნდა განახორციელოს. გაწერილია პრიორიტეტებიც, მათ შორის ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოში მაღალი ხარისხის ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია მიიღონ.
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე ბრიტანეთის საბჭო უკვე წლებია მუშაობს. "თაიმს ჰაიერ ედიუქეიშენმა" ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევა 2024 წელს სწორედ ბრიტანეთის საბჭოს ჩართულობითა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელა.