ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი ქარელისა და მარნეულის საბავშვო ბაღებში - სოფელ ბრეთის ბაღი ერთ-ერთია, სადაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პატარების საკვებად, საქონლის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანა. დირექტორი "კურიერს" უყვება, რომ, რიგითი შემოწმების დროს, სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვო ხორცი დროულად გამოავლინა და, შესაბამისად, ცხენის ხორცი ბავშვთა კვებაში არ მოხვდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს ამარაგებდა, "ქართული ხორცპროდუქტების ფერმაა". კომპანიის მფლობელი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მასთან ერთად, ცხენის ხორცის მარნეულის ბაღებში შეტანის ფაქტზე, კიდევ ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. "ბიჯიემ 1" მარნეულში 11 ბაღს ამარაგებდა, სადაც 2 ათასამდე ბავშვია რეგისტრირებული.
"კურიერი" კომპანია "ბიჯიემ 1-ის" ფერმაში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ერტისში ჩავიდა. ნათესავები დაკავებულის გამართლებას ცდილობენ.
„კურიერს“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუმარტეს, რომ კომპანია "ბიჯიემ 1-ის" მიერ მიწოდებული ცხენის ხორცი დროულად დალუქეს, ისე, რომ ბავშვთა კვებაში არ მოხვედრილა.
მარნეულსა და ქარელში ბაგა-ბაღების მომმარაგებელი ხორცპროდუქტების კომპანიების ხელმძღვანელებს ბრალი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
დანაშაულში მხილებულ კომპანიებთან მიმდინარე წლის დეკემბრამდე დადებული ხელშეკრულებები უკვე შეწყვეტილია. დაკავებულ პირებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.