
ელგუჯა ხარაზიშვილი სოფელ წაღვლის მოსახლეა, რომელიც იხსენებს, რა ზიანი მიადგათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს ჩორჩანას საგუშაგოს გახსნით. ამბობს, რომ ტერიტორიაზე არსებული ტყით, მოსახლეობა მას შემდეგ ვეღარ სარგებლობს.
საუბარია 1 000 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ჰყვება, რომ სწორედ 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დამატებითი ბლოკ-პოსტების აშენება. 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მან დღეს პროკურატურას მიაწოდა, მანამდე კი იგივე ჩვენება ჰქონდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც.
რატომ ამტკიცებს დღემდე გიორგი გახარია, რომ მის გადაწყვეტილებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ზიანი არ მოუტანია? სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც პასუხი მოკვლევამ უნდა გასცეს. ჩორჩანას ეპიზოდი რამდენიმე მუხლით დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი ნაწილია, რაც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილებას, პირიქით, უსაფრთხოების ფაქტორით ხსნიან თავად გახარიას პარტიაში. მივა თუ არა ექსპრემიერი უკვე მეორედ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - ლიდერის პოზიცია გუნდში არ იციან. სხვა პარტიები კი გახარიას წინასწარ აკრიტიკებენ.
ბევრად მეტი სამხედრო ესკალაციის საფრთხე იყო, რომლის წინაშეც "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, გიორგი გახარიამ ქვეყანა საკუთარი თვითნებური გადაწყვეტილებით დააყენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საგუშაგოს ჩადგმა არც უსაფრთხოების სამსახურთან, არც შესაბამის უწყებებთან და არც უშუალოდ მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან არ შეათანხმა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება - ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში თანამდებობის ყოფილი პირების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვები აქტიურად მიმდინარეობს.