ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, რადგან მიიჩნია, რომ კანონის არსებითი დარღვევა განხორციელდა ამ მტკიცებულების მოპოვებისას.
ამავდროულად, სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ნამდვილად არსებობს საქმის არსებითი განხილვის გადაცემის საფუძველი, რომ ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძის მიმართ არსებითი განხილვის ეტაპზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ საქმე გადასცა არსებითად განსახილველად," - განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.