11 აგვისტო 2026,   20:43
ვრცლად
კორუფციის საქმეზე დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე - გამოძიებით ირკვევა, რომ რომეო მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ეტაპირება, საქალაქო სასამართლოში დღის 12 საათისთვის განხორციელდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 2 მილიონ ნახევარი ლარის შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული რომეო მიქაუტაძე, პროცესზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

წინასწარი პატიმრობა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ადგილზე თათბირით შეუფარდა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, თქვა, რომ სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობას. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თანამდებობრივ გავლენას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა. ენერგოკომპანიებში საწარმოს წილებს იღებდა, რომლის რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, წილები კი ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. გამოძიების ინფორმაციით, მიქაუტაძე პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩართული იყო კომპანია "ჯეო კრაფტთან" კორუფციულ გარიგებაშიც.

სახელმწიფო ბრალდება, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის პატიმრობაში დატოვებას, ბრალდებულის მიმალვის, განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო ითხოვდა. რომეო მიქაუტაძის ადვოკატებმა კი მოსამართლეს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

კორუფციასთან ბრძოლა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია- ამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე, 7 წლის განმავლობაში თანამდებობით უკანონოდ სარგებლობდა და მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა. მის ოჯახს ეკუთვნის 600 000 ევროიანი სახლი მადრიდში და მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ავტომობილი. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი შემოსავლების დაფარვის მიზნით, ქონებას სხვების სახელზე აფორმებდა, ფინანსური ტრანზაქციების დახმარებით კი დოკუმენტებში ქონების ღირებულებებს ხელოვნურად ზრდიდა ან ამცირებდა, აფორმებდა ნასყიდობის ფიქტიურ ხელშეკრულებებს. რომეო მიქაუტაძე მაღალ თანამდებობებს 2017 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა, 2022 წლიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები