ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას განათლების, პრაქტიკული მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში.
თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შეთანხმება ითვალისწინებს პროექტების განხორციელებას, კონფერენციების მოწყობას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.
მშენებლობა, ელექტრობა, ინჟინერია - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რაზეც სტუდენტები უფასო სტაჟირების გავლას შეძლებენ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღება რეალურ სამუშაო გარემოში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით შეეძლებათ.
მემორანდუმი მხარეებისთვის კონკრეტულ ვალდებულებებს განსაზღვრავს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.
თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს პროფესიულ ჩართულობას, სტაჟირებას და დასაქმების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერა ქართულ-პოლონური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის "სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია" ფარგლებში მოხდა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის პროფესორები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.
სამინისტროსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
ავტორი: ირაკლი კოშაძე